ხანგრძლივი ლოდინის და არაერთი უარის შემდეგ, სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში შევიდა | 28.06.2021

ხანგრძლივი ლოდინის და არაერთი უარის შემდეგ, სახალხო დამცველი  ნინოწმინდის პანსიონში შევიდა.  ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი რეკომენდაციაა, ყველა ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში  გადაყვანა. ნინო ლომჯარია  ბავშვებთან შეხვედრებს გააგრძელებს. ამ დროისთვის პანსიონში 15 ბავშვი რჩება, პანსიონი კი დახურვის რეჟიმშია. მიმდინარეობს ალტერნატიული საცხოვრებლების მოძიება და  ბავშვებისთვის შეთავაზება.

ნინოწმინდის პანსიონი  ყურადღების ცენტრში სწორედ სახალხო დამცველის  მწვავე განცხადებების შემდეგ მოექცა. ომბუდსმენი საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე წლებია საუბრობს.  ნინო ლომჯარიამ   საგამოძიებო უწყებიდან  გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის საქმეზე 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.  სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,  პანსიონში გამოიკვეთა  მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა. ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ნინოწმინდის პანსიონში ცვლილებები განხორციელდა. ბავშვების ნაწილმა და  20-ზე მეტმა აღმზრდელმა  ნინოწმინდის პანსიონი დატოვა. შეიცვალა ნინოწმინდის  პანსიონის მმართველიც. პატრიარქის გადაწყვეტილებით, მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლდა და ახალ მმართველად მეუფე იაკობი დაინიშნა.