მოსამართლეების მტკიცებით, სასამართლო ასე თავისუფალი ჯერ არასდროს ყოფილა | 28.06.2021

საერთაშორისო პარტნიორების მისამართით გამოთქმული  ბრალდებების შემდეგ სასამართლო სისტემა თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა – 310-მა მოსამართლემ ერთობლივი განცხადებით დღეს იმის მტკიცება დაიწყო, რომ სასამართლო ასე დამოუკიდებელი ჯერ არასდროს ყოფილა. მოსამართლეები ირწმუნებიან, რომ  ცალკეული პოლიტიკური პარტიები,  მათ დაქვემდებარებაში მყოფი მედია საშუალელებითა და ორგანიზაციებით სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ. მოსამართლეებმა სასამართლოს მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები საბჭოურ პროპაგანდას შეადარეს.

ის რასაც განცხადებაზე ხელის მომწერი მოსამართლეები საბჭოურ პროპაგანდას უწოდებენ, იურისტთა ერთი ნაწილისთვის პოლიტიკური მართმლსაჯულების მხილებაა. ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემის მუშაობას ახლოდან აკვირდებიან, დარწმუნებულები არიან, რომ სისტემას ე.წ კლანი მართავს, კლანის უკან კი “ქართული ოცნერბის” ინტერესები იკვეთება. იურისტების ნაწილმა დღეს ხელისუფლებას საჯარო განცხადებითაც მიმართა და პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა. მათი თქმით, სამუშაო ჯგუფმა ფართო ჩართულობით რეფორმაზე მუშაობა უნდა დაიწყოს, მანამდე კი მოსამართლეების დანიშვნები  უნდა შეჩერდეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლიანი მუშაობის პერიოდში ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნდა, რომ კლანი, რომელიც მისი თქმით, მმართველი პარტიის მითითებებით იმართება, ქვეყანას წარსულში მიაქანებს. ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი ახლა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნების შეჩერებაა, თუმცა, ხელისუფლების ადეკვატურობის იმედი მაინც არ აქვს.

ვინ არიან ადამიანები რომლებიც, სასამართლოში მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნით შეუძლია. ოპოზიციისთვის განსაკუთრებით საგანგაშო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა. გვრიტიშვილმა საერთაშორიო კრიტიკის საპასუხოდ გამოთქვა მოსაზრება რომ პარტნიორებმა საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის წესები არ იციან.

ის რაც თქვა გვირტიშვილმა საინტერესო არ არის ქართული ოცნებისთვის. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს ცალკეული პირების პირადი მოსაზრებაა, ამიტომ ამ განცხადებების შეფასება მათი საქმე არაა. მმართველი გუნდის თქმით, აუცილებელია სასამართლო პოლიტიკისგან გაიმიჯნოს, რათა მისი მუშაობა არ შეფერხდეს.

რა გაგრძელება ექნება უზანაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და დათმობს თუ არა ოცნება 9 კაციან სიას. პარლამენტმა მოსამართლეთა კანდიდატურებზე მსჯელობა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.