გზა მცირე ბიზნესიდან მილიონერობამდე – კახა ბექაურმა ბოლო 3 წელში 5 მილიონ ლარზე მეტი იშოვა | 22.06.2021

გზა მცირე ბიზნესიდან მილიონერობამდე – კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ბექაურს, რომელსაც მთელი ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონტროლი და რეგულირება აბარია, მაღაზიათა ქსელის “ორი ნაბიჯის” 33.33%-იან წილს ფლობს. რადიო “თავისუფლებამ” ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ბექაურის ბიზნეს შემოსავალმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2014 წლიდან ნულს უტოლდებოდა.

კახა ბექაურის დეკლარაციების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ გარდა წმინდა შემოსავლისა, საგრძნობალდ იმატა მის მფლობელობაში არსებულმა საცხოვრებელი სახლების რიცხვმაც. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ბექაური ახლა 9 ბინას და მიწის ნაკვეთებს ფლობს, ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების. მესამე სექტორს ბექაურის საქმიანობის დაკავშირება მის გამდიდრებასთან უჭირს, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია.

კახა ბექაურის მიერ შევსებული დეკლარაცის წაკითხვის შემდეგ ოპოზიციისთვის გაუგებარი აღმოჩნდა როგორ დაიწყო “ორი ნაბიჯი”-დან მიღებულმა შემოსავალმა რადიკალური და სწრაფი ზრდა. ხელისუფლების ოპონენტები მარეგულირებელ უწყებას ყველა იმ საქმეს ახსენებენ, რაც მათი აზრით, ოპოზიციურ მედიაზე თავდახსმას ადასტურებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გაზრდილი შემოსავალი იმ საქმის კომპენსირებაა, რასაც ბექაური მარეგულირებელ კომისიაში აკეთებს.

გარდა ბექაურის გაზრდილი შემოსავლებისა, უკვე დიდი ხანია კრიტიკის ობიექტი მარეგულირებელი კომისიის ის პროექტებია, რომლებიც არასამთავრობო სექტორის აზრით, მხოლოდ ოპოზიციური მედიის გაშავებას ემსახურება. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი ფიქრობს, რომ ხარჯები გაუმჭირვალეა, კომისიის მუშაობა კი უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს.

მიუხედავად “ქართული ოცნების” მხრიდან კახა ბექაურის დაცვისა, პარლამენტი ვალდებულია მარეგულირებელი კომისიის ანგარიში მოისმინოს. უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის კანცელარიაში “მაგთიკომის” ის წერილი დევს, რომელშიც ისინი მარეგულირებელ კომისიას მძიმე ბრალდებებს უყენებენ. “მაგთიკომი” პარლამენტს მოუწოდებს მარეგულირებელი კომისიისგან ანგარიში მოითხოვოს და კახა ბექაურის ლეგიტიმაციის საკითზე იმსჯელოს.