რუსთაველის ეროვნული თეატრი ოკუპანტ ქვეყანაში მიემგზავრება | 21.06.2021

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ბორდერიზაციის პროცესის და საქართველოს მოქალაქეების გატაცებების ფონზე, რუსთაველის ეროვნული თეატრი ოკუპანტ ქვეყანაში მიემგზავრება. დასი რუსეთის დედაქალაქში, მოსსოვეტის სცენაზე, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება. მსახიობები მოსკოველი მაყურებლისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრულს“ ითამაშებენ. რუსთაველის თატრის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა უკვე მოჰყვა, რასაც თეატრის სამხატვრო ხელმზღვანელმა, სოცილურ ქსელში, ასევე კრიტიკით უპასუხა. ვერც რობერტ სტურუა და ვერც თეატრის დირექტორი ოკუპანტ ქვეყანაში დაგეგმილ გასტოლში პრობლემას ვერ ხედავენ და პირიქით ფიქრობენ, რომ კულტურული ვოიაჟებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენას დაეხმარებიან.

“საქართველო გაყიდეთ! დავით გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლოდა ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ;  რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო?”- წერს Facebook გვერდზე რობერტ სტურუა.

რუსთაველის თეატრის მოსკოვში ვიზიტის შესახებ რუსეთის “პირველმა არხმა” უკვე რეპორტაჟიც მოამზადა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და მსახიობებთან ინტერვიუებიც ჩაწერა. დასის წევრები ამბობენ, რომ  მათთვის მოსკოველი მაყურებლის წინაშე წასდგომა სასიამოვნოა.

რუსთაველის ეროვნული თეატრის მოსკოვში ვიზიტი არ მოსწონს თეატრმცოდნე, ლაშა ჩხარტიშვილს, თუმცა ამბობს, რომ ის თეატრის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. დასის რუსეტში გამგზავრებას მიესალმება კულტურის პალატის ხელმძღვანელიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან კულტურული დიალოგი აუცილებელია.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მოქალაქეების დატყვევების ფონზე, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში ვიზიტი მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათ უკრაინის მაგალითი მოჰყავთ და ამბობენ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის თეატრალურმა დასმა რუსეთში გასტოლზე უარი თქვა. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთამეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

რუსთაველის თეატრს შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანი დასის მოსკოვში დაგეგმილ გასტოლს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის თეატრის საქმიანობაში არ ჩაერევა.

რუსთაველის ეროვნული თეატრი რუსეთი დედაქალაქში თვის ბოლოს მიემგზავრება. დასი რუსი მაყურებლის წინაშე რობერტ სტურუას სპექტაკლით 30 ივნისს წარსდგება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები