მეუფე იაკობსა და ომბუდსმენს შორის შეთანხმება შედგა – ნინოწმინდის პანსიონში ისინი ერთად შევლენ | 17.06.2021

რამდენიმე კვირიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, საპატრიარქო ნინოწმინდინის პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის შეშვებას დათანხმდა. პანსიონის ახალ ხელმძღვანელსა და სახალხო დამცველს შორის დღეს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე მეუფე იაკობი და ნინო ლომჯარია პანსიონში ერთად შევლენ და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიდი ზომის პანსიონები ბავშვების ინტერსებს არ ემსახურება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პანსიონი ფუნქციონირებას აგრძელებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას საჩუქრად ხატები გადასცა.

შეხვედრიდან გამოსულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, რომელიც ახლა პატრიარქის სრული ნდობით სარგებლობს, ისევ მედია გააკრიტიკა და სიტუაციის გამწვავებაში პანსიონთან მყოფი ჟურნალისტები დაადანაშაულა. მეუფე იაკობი ატეხილი აჟიოტაჟის გამო საზოგადოებას მადლობასაც უხდის და პირობას დებს, რომ პანსიონების რეფორმირება დაჩქარებული წესით, მსოფლიო სტანდარტების მიხედვით მოხდება. მეუფე იაკობის განცახდებითვე, მან პანსიონიდან უკვე დაითხოვა ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მოზარდებმა სხვადასხვა გადაცდომაში დაადანაშაულეს.

პანსიონის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსტქრუციული დიალოგის იმედს გამოთქვამს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც პანსიონში სახალხო დამცველის დაუყოვნებლივი შესვლის მომხრეა. მისი თქმით, ბავშვებმა პანსიონი უნდა დატოვონ, რადგან დიდი ზომის სახლები მათ საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება.

ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან ერთად ნინოწმინდაში უახლოეს დღეებში ჩავა, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია იმ ბავშვების ბედი, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონში რჩებიან. მეუფე იაკობი ამბობს, რომ სასწავლებლის დატოვება ყველა იმ აღსაზრდელს შეეძლება, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები