შეუშვებენ თუ არა ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენს? – მეუფე იაკობი ლომჯარიას ხვალ შეხვდება | 16.06.2021

ნინო ლომჯარიასა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მანამდე,  ნინოწმინდის პანსიონში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.  დაწესებულებაში  40-ზე მეტი აღმზრდელის ნაცვლად მხოლოდ 19 დარჩება. გადაწყვეტილება პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მიიღო. რა პრინციპით გათავისუფლდნენ თანამშრომლები, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ცნობილი გახდა სხვა გადაწყვეტილებების შესახებაც. პანსიონის ადგილზე დღის სკოლა გაიხსნება, თავად დაწესებულება კი მცირე ზომის დაწესებულებად გადაკეთდება.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას. მინისტრის განმარტებით,  პანსიონში განვითარებული ცვლილებების შემდეგ,  სახელმწიფოს  პოზიტიური მოლოდინი აქვს.

ცვლილებები ნინოწმინდის პანსიონში 14 ივნისს განხორციელდა.  პატრიარქის გადაწყვეტილებით,  მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლდა და ახალ მმართველად მეუფე იაკობი დაინიშნა. გადაწყვეტილებას წინ სახალხო დამცველის მწვავე განცხადებები უძღოდა. ომბუდსმენი საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე წლებია საუბრობს. ომბუდსმენმა  საგამოძიებო უწყებიდან  გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის საქმეზე 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.  სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,  პანსიონში გამოიკვეთა  მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა. ახლა  არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მეუფე იაკობია, რომელიც არაერთი ხისტი განცხადებით გამოირჩევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები