წავიდა თუ გაუშვეს მეუფე სპირიდიონი ნინოწმინდის პანსიონიდან – რას შეცვლის პანსიონში მეუფე იაკობი | 15.06.2021

წავიდა თუ გაუშვეს – პასუხი უცნობია. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ  მეუფე სპირიდონმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.  მიზეზი კი ის აჟიოტაჟია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ შეიქმნა.  უცნობია ისიც, რა კრიტერიუმებით აარჩია პანსიონიის ახალ მმართველად პატრიარქმა ბოდბელი ეპისკოპოსი, რომელიც სკანდალური და ხისტი  განცხადებებით გამოირჩევა. საპატრიარქოსთან ღიად დაპირისპირებული ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პატრიარქის ახალ გადაწყვეტილებას ისევ მწვავე ბრალდებებით აფასებს.

რას შეცვლის ნინოწმინდის პანსიონში ბოდბელი ეპისკოპოსი დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ამ ეტაპზე უცნობია, მისცემს თუ არა მეუფე იაკობი ომბუდსმენს პანსიონში სიტუაციის გაცნობის საშუალებას, რასაც სახალხო დამცველი უკვე თვეებია ითხოვს. დღეს ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთი საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ. თუმცა, ლომჯარიას თქმით, თუ უახლოეს დღეებში პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება ომბუდსმენის მონიტორის ჯგუფი  ნინოწმინდაში ჩავა.

პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიცია  პასუხისმგებლობას ისევ ხელისუფლებას აკისრებს. ფიქრობენ, რომ პანსიონის ხელმძღვანელის ცვლილებით, საერთო სურათი არ შეიცვლება. ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, აუცილებელი საკითხის უფრო ღრმა კუთხით განხილვა.

კახა კალაძე კი  მედიას ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.  თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ პანსიონში რეალობა განსხვავებულია იმისგან, რაზეც მედია ლაპარაკობს.

ომბუდსმენი საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე წლებია საუბრობს.   სახალხო დამცველმა  საგამოძიებო უწყებიდან  გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის საქმეზე 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, ერთი გაუპატიურების მუხლით,დანარჩენი კი ძალადობის.  სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,  პანსიონში გამოიკვეთა  მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა. ახლა  არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მეუფე იაკობია.