რა წამახალისებელი ღონისძიებები იქნება სრულად ვაქცინირებულებისთვის – ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება | 15.06.2021

ივლისიდან ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას და საზოგადოებრივ სივრცეებში დამატებითი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება უკვე მზად არის ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში. თამარ გაბუნიას თქმით,  დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან და გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდება. სივრცეების სათანადოდ მოწყობაზე კი, პასუხისმგებლობას თავად სამედიცინო დაწესებულებები აიღებენ.

დღესვე, საკოორდინაციო საბჭომ ის წამახალისებელი ღონისძიებებიც განიხილა, რომლებიც შესაძლოა სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შესთავაზონ. საბჭოს გადაყვეტილებით ორი დოზით აცრილი პირებისთვის რეგულარული ტესტირება სავალდებულო აღარ იქნება. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების მოხსნას, ჯანდაცვის სამინსტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტში ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორი დოზით აცრილებში ინფიცირების მაჩვენებელი 0,2%-ია, ერთი დოზით ვაქცინირებულ პირებში კი დაახლოებით 0,8%.

ქვეყანაში კი კრონავირუსით ინფიცირების მაჩევნებელი მცირედით გაიზარდა, მაღალია გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 734 ტესტიდან COVID-19-ი 1092 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 32 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რიცხვი 5083-მდე გაიზარდა.  ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევებიდან  ყველაზე მეტი, 586 ინფიცირებული დედაქალაქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე 131 შემთხვევით იმერეთია, ხოლო მესამეზე ქვემო ქართლი, სადაც კოვიდ დადებითი 81 ადამიანი აღმოჩნდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები