რატომ ვერ მოხვდა საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყნების გვერდით | 14.06.2021

მსოფლიოს ყურადღება ახლა ბრიუსელისკენაა მიმართული, სადაც ნატო-ს რიგით 31-ე სამიტი იმართება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე წელს საქართველოს ხელისუფლების წევრები არ მიიწვიეს, საქართველოს მთავრობა აქცენტს ალიანსის მიღებულ კომუნიკეზე აკეთებს.  სამიტზე საქართველოს  არ ყოფნას  საგარეო საქმეთა მინისტრი, სამიტის განსხვავებული  ფორმატით ხსნის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ფორმატი მართლაც განსხვავებულია, თუმცა ეს საქართველოს მიწვევას არ გამორიცხავდა. საერთაშორისო საკითხებზე მომუშავები სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველო ნატო-ს შორდება, ეს კი რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია. ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ნატო-ში გაწევრიანებაზე მხოლოდ საუბრობს, რეალურ ქმედით ნაბიჯებს კი ბოლო წლებია უკვე აღარ დგამს.

ნატო-ს სამიტი, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა მხარე თანხმდება, თუმცა, ოპოზიცია ნატო-ში ინტეგრაციის მთავარ შემაფერხებლად “ოცნების” ხელისუფლებას ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან,  რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა, ამას კი “ოცნება” შეგნებულად, წინასწარ გაწერილი სცენარით აკეთებს. ოპოზიციის აზრით, ნატო-სთვის ნათქვამი შეფარული უარის უკან პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი დგას.

ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარი ახლა ნატო-ს 2022 წლის სამიტია, რომელიც ქვეყნისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სპეციალისტები მთავრობისგან საერთაშორისო არენაზე უფრო მეტ გააქტიურებას ელოდებიან, რაც მათი აზრით, ნატო-ს კარებს საქართველოსთვის საბოლოოდ გააღებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები