მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის იბრძოდა – ლიეტუვას პრეზდენტი | 11.06.2021

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი გუშინ, სოფელ ხურვალეთში, პირადად გაეცნო. გიტანას ნაუსედამ  ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

პრემიერთან შეხვედრამდე გიტანას ნაუსედამ ორბელიანების სასახლეში პირისპირ შეხვედრა  გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.  შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.  საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დღეს პირისპირ და სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართული შეხვედრების შემდეგ „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.