“ეჭვი გვაქვს, რომ მელიასთვის წასული გახარია მელიასთვისვე დაბრუნდა” – „ოცნება“ ყოფილ პრემიერზე | 09.06.2021

ყოფილი თანაგუნდელების ურთიერთბრალდებები გრძელდება. გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს კურდღელს, თავად  კობახიძე კი გახარიას გუგულს ადარებს. “ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, ყოფილმა პრემიერმა სხვის ბუდეში კვერხების დადება მოინდომა, რისი საშუალებაც მას არც პარტიამ და არც პარტიის დამფუძნებელმა არ მისცეს. ექსპრემიერი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკის ობიექტი “ტვ პირველზე”, ინგა გრიგოლიას  რეაქციაში მიცემული ინტერვიუს შემდეგ ხდება. “ქართულ ოცნებაში” უღირს ტყუილს უწოდებენ, გახარიას იმ განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში მმართველი გუნდის დეპუტატები არ იყვნენ. ოცნების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარია მმართველ პარტიას მიზანმიმართულად აზიანებს.

“ქართული ოცნებისთვის” კატეგორიულად მიუღებელია აღმოჩნდა,  გახარიას შეფასება  იმის შესახებაც, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს. ექსპრემიერის ამ შეფასებას დღეს, მოქმედმა პრემიერმა უპასუხა და თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” 53%-იანი მხარდაჭერა  გარანტირებული აქვს.

გიორგი გახარიას გუნდი კი, ყოფილ თანაგუნდელებს  მოუწოდებს, მათთან დაკავშირებით  ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მოუკლონ. მიაჩნიათ, რომ პარტიის გამოჩენის შემდეგ ყველა მათ ოპოზიციაში გადავიდა.

ხელისულფების ოპონენტების შეფასებები კი უცვლელია.  მიაჩნიათ, რომ  გახარიამ გუშინდელი ინტერვიუთი კიდევ ერთხელ დაადასტურა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარ კითხვებს,  რაც საზოგადოებას აქვს, ყოფილი პრემიერი ვერ პასუხობს. მათი შეფასებით, გახარიას ყოველი გამოსვლა ტყუილებითაა სავსე.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმბელობის მიზეზით დატოვა. 3 თვეში ის  ოპოზიციაში გადავიდა და ახალი პარტიაც დააფუძნა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები