“მეჟდუსაბოიჩიკში” ვინ ვის უღალატა, ნაკლებად მაინტერესებს – გამოხმაურებები ივანიშვილის წერილზე | 07.06.2021

“ისევ ჭორაობის გარეშე ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ” – გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ვრცელ წერილს მოკლე განცხადებით პასუხობს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოვლენები იმაზე სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება, ვიდრე ეს მისთვის მოსალოდნელი იყო.

“სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში ამას ყველა გაიგებს” – წერს გახარია Facebook-ზე.

ექსპრემიერის ყოფილი თანაგუნდელები კი, ბიძინა ივანიშვილის პათოსს იზიარებენ და თვლიან, რომ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება პოლიტიკური ღალატი იყო. ყოფილი პრემიერის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით დღეს იმ მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოირჩეოდნენ, რომელსაც თავად გიორგი გახარია მეთაურობდა.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს გახარიას პარტიის ეშინიათ და მსგავსი განცხადებებით მმართველი გუნდის  ელექტორატის მობილიზებას ცდილობენ.  ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ გიორგი გახარია ოცნების ხმების დაახლოებით 10%-ს წაიღებს, რაც მმართველ პარტიას 43%-იანი ზღვარის გადალახვის შესაძლებლობას ართმევს. ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია სწორედ ივანიშვილის პროექტია, რომელიც ყოფილი პრემიერისთვის ოპოზიციონერის იმიჯის შექმნას ცდილობს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა, მიზეზად, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მალევე,  ყოფილმა პრემიერმა ახალი პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და ოპოზიციაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ირწმუნება რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა, პოლიტიკურ სპექტრში  მაინც აქტიურად ისმის კითხვა – ვის თამაშს თამაშობს გახარია.