შეუჩერდება თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ფუნქციონირების უფლება – გაყვანილია 20 ბავშვი მათ შორის 7 შშმპ | 07.06.2021

შეუჩერდება თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ფუნქციონირების უფლება – ხმაურიანი ბრალდებების შემდეგ,   გადაწყვეტილება შესაბამის უწყებებს არ დრომდე არ მოუღიათ. პანსიონიდან  გაყვანილია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.  დაწესებულებაში კვლავ რჩებიან სოციალური მუშაკები.

სახალხო დამცველი, რომელიც გუშინ, ნინოწმინდის პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, ამბობს, რომ ყოფილი ბენეფიციარები მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებენ.  როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, ძალადობა ძირითადად 5-10 წლამდე ბავშვებზე ხდებოდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა  ფიზიკურ შეხებას, როგორც ხელით, ასევე სხვადასხვა ნივთებით.  სახალხო დამცველს ამ ეტაპზე მოძიებული აქვს ინფორმაცია, რომ პანსიონში  3 არარეგისტრირებული მოზარდი  იმყოფებოდა. ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ დაურეგისტრირებელი მოზარდების რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს.

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.   თუმცა,  როგორც, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები განმარტავენ, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება პანსიონში მცხოვრებ ყველა ბავშვს, რადგან მათ საფრთხე ემუქრებათ.  საპატრიარქოში კი  ფიქრობენ, რომ   პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თავად მეუფე სპირიდონი.  პანსიონის ხელმძვანელმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ქადაგებისას ისაუბრა. სასულიერო პირი კვლავ ირწმუნება, რომ  სასამართლო  არასამთავრობო ორგანიზაციების ცილისმწამებლურ განცხადებებს  დაეყრდნო.

ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სასულიერო პირთა უმრავლესობა ღიად არ საუბროს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც კრიტიკას არ ერიდებიან. მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებს. დეკანოზ თამაზ ლომიძის განმარტებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება პრობლემურია.  სასულიერო  პირი ფიქრობს, რომ ანაფორის მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

პანსიონის დატოვების პროცესი, სავარაუდოდ, მშობლებისა და ბავშვების სურვილის მიხედვით გაგრძელდება. ამ დრომდე, თავშესაფარში 40-მდე აღსაზრდელი რჩება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები