რა გზავნილები დაუტოვეს პოლიტიკოსებს სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა | 04.06.2021

ხარვეზიანი მართლმსაჯულება და პოლიტიზირებული სასამართლო – ეს ის საკითხებია, რომლებსაც სენატორებმა საქართველოში სტუმრობისას ყველაზე მეტი ყურადღება დაუთმეს. სენატის ორმა გავლენიანმა წევრმა დღეს გამთენიისას ქვეყანა უკვე დატოვა, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ელიტას კონკრეტული გზავნილები დაუტოვა. რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვა – ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა საქართველოს მაპის მისაღებად ყველაზე მოკლე გზა შესთავაზეს.

ამერიკელ პოლიტიკოსებს საკუთარი ხედვები გუშინ სამუშაო ვახშმის ფონზე გააცნო ოპოზიციამ, რომელმაც ამერიკისგან მჭიდრო მოკავშირეობის პირობა მიიღო. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ხელისუფლება ისეთ რეფორმებს არ გაატარებს, რომელიც სასამართლო სისტემას წნეხისგან იხსნის, ქვეყანა დემოკრატიული გზით ვერ განვითარდება. ოპოზიცია ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც ორ მთავარ პროექტს ამნისტიას და სასამართლო რეფორმას აერთიანებს.

ამერიკელი სენატორები გუშინ მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობისა და უმრავლესობის წევრებსაც ხვდებოდნენ. შაჰინისა და პოტმანის შემაჯამებელი ბრიფინგის მოსმენის შემდეგ მმართველი პარტია დარწმუნდა, რომ ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების გატარებაში მხარს უჭერს, თუმცა ამაში ყველა პარტიის მონაწილეობაა საჭირო. მმართველი გუნდის თქმით, ისინი მიშელის დოკუმენტით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებენ.

მართმსაჯულება, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევააა, ეს სენატორებს გუშინ მესამე სექტორმაც მკაფიოდ უთხრა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიას ძირს უთხრის, ამ პროცესში კი ამერიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამერიკელმა სენატორებმა ქვეყანა დატოვეს, თუმცა, ახლა მთავარია რა გზავნილებით დაბრუნდებიან შტატებში და როგორ აისახება ეს ვიზიტი ქვეყნის მიმართ განწყობაზე. სენატორებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მკაფიოდ უთხრეს, რომ ყველაფერს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები განსაზღვრავს, რომელიც ყველა დემოკრატიული წესის დაცვით უნდა ჩატარდეს. რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებს კი დასავლეთი განსაკუთრებულ მონიტორინგს გაუწევს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები