ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბავშვები ტოვებენ – „ხელისუფლებას ეშინია საპატრიარქოსი“ | 04.06.2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბავშვები ტოვებენ. 16-მა ბავშვმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა, მათგან 6 უკვე გამოიყვანეს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანის თაობაზე. სააგენტოს დირექტორი ადასტურებს, რომ დაწესებულებაში შესვლის პრობლემა მათაც ჰქონდათ, რის მიზეზადაც პანსიონმა პანდემია დაასახელა. თუმცა, მერი მაღლაფერიძის განმარტებით, სოცმუშაკები ბავშვებს ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ. მაღლაფერიძე ამბობს, რომ  ნინოწმინდის პანსიონში დარღვევის შესახებ ინფორმაცია ბოლოს ათი დღის წინ მიიღეს. მისი განმარტებით, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თქვა, რომ პანსიონში მისი ცხოვრების დროს ერთ-ერთი აღმზრდელი ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ბავშვი პანსიონიდან მალევე გამოიყვანეს.

დაწესებულებაში  დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეუშვეს. პანსიონში სოციალური მომსახურების სააგენტოს ათამდე სოცმუშაკიც შევიდა. ისინი ბენეფიციარებს გაესაუბრნენ და ვიტარებას გაეცნენ. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებთან მუშაობის შედეგად მათი მდგომარეობა შეფასდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა – ადამიანის უფლებებისთვის” პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით მათ დღეს სასამართლოს მიმართეს. ამბობენ, რომ დაწესებულებაში ბავშვების დატოვება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია.

“ხელისუფლებას ეშინია საპატრიარქოსი” – ასე განმარტავს ოპოზიცია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას. მათი თქმით, მოახლოებულ არჩევნებში მთავრობას სწორედ ეკლესიის დახმარების იმედი აქვს და ამიტომ, პანსიონში არსებულ ვითარებას რეაგირების გარეშე ტოვებენ. ამბობენ, რომ თუკი ახლა ხელისუფლება რაიმე ქმედით ნაბიჯს გადადგამს, ეს მხოლოდ საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტის შედეგი იქნება.

ხელისუფლება კი არ აღიარებს, რომ რეაგირება უკვე დაგვიანებულია. ირწმუნებიან, რომ პანსიონში ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია და რაიმე საფრთხე არ არსებობს. “ქართული ოცნება” ამტიკიცებს, რომ დაწესებულებაში სახალხო დამცველის შესვლისთვისაც ყველაფერს გააკეთებს, თუცმა ფაქტია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები პანსიონში არსებულ ვიტარებას ამ დრომდე ვერ ეცნობიან.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას 15 აპრილიდან ითხოვს, თუმცა, სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითებით ნინო ლომჯარიას ტერიტორიაზე არ უშვებენ.  2 დღის წინ კი, ომბუცმენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარუდო გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს. ომბუდსმენის ინფორმაციით, პროკურატურიდან გამოთხოვილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავაურო ძალადობის საქმეებზე. გუშინ მედიაში გავრცელდა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის ინტერვიუ, სადაც ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. გუშინვე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ძველ მიმდინარე საქმეებზე მათ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, ახალ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი გამოძიება დაიწყეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები