ნუ აწამებთ ბავშვებს – ხმაური, დაპირისპირება და დაკავება პროკურატურასთან, აქციაზე | 03.06.2021

ხმაური და დაპირებისპირება იყო  პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტების დროულ გამოძიებას და პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებას ითხოვდნენ.  აქციის მონაწილეებმა პროკურატურაში შესვლა სცადეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა სამი აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით,  ნინოწმინდის პანსიონი სასწრაფოდ უნდა დაიხუროს და ბავშვები საოჯახო ტიპის დაწესებულებებში  გადაიყვანონ.  აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ მსგავსი საქმეების გამოძიება უკვე ხუთი წელია დაწყებულია.

ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს მღვდელმონაზონი ანდრია სარიაა. ის პროკურატურასთან მიმდინარე აქციას შეუერთდა და განაცხადა, რომ მსგავსი მოძალადეები ეკლესიიდან უნდა განიდევნონ. სასულიერო პირის თქმით, ნინოწმინდის პანსიონატში არსებული მძიმე ვითარება სასულიერო წრეებში ცნობილია. როგორც ანდრია სარია აცხადებს მიტროპოლიტი სპირიდონის ქმედებები, რომლის დაქვემდებარებაშიც ბავშვთა პანსიონატია, წახალისებულია  საპატრიარქოდან.