ამერიკა რჩება საქართველოს მთავარ მოკავშირედ – გავლენიანი სენატორების ვიზიტი და გზავნილები | 03.06.2021

ამერიკა რჩება საქართველოს მთავარ მოკავშირედ – ასეთია ამერიკელი სენატორების მთავარი მესიჯი ოფიციალური ვიზიტის მიწურულს. მთელი დღის განმავლობაში მხარეებთან გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, თუმცა, უფრო მეტი ერთიანობის აუცილებლობაზე მიანიშნებენ. სენატორებისგან გაირკვა, რომ ამერიკა საქართველოს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებს აჩუქებს.

პრესკონფერენციამდე ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ და  პარლამენტის თავმჯდომარეს  და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ქვეყნის დემოკრატიული სწრაფვა, 19 აპრილის შეთანხმება და ორმხრივი თანამშრომლობა იყო. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

გავლენიანმა ამერიკელმა სენატორებმა დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, დღეს თბილისის ქუჩების დათვალიერებისთვისაც მოიცალეს, თუმცა მანამდე მესამე სექტორთან რამდენიმე საათიანი შეხვედრა გამართეს. არასამთავრობო სექტრომა საქართველოს თემით დაინტერესებულ სენატორებს ინფორმაცია მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაზე მიაწოდეს.

დღესვე, ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. დახურულ კარს მიღმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკელმა კანონმდებლებმა ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდება.

სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ, სადაც რუსული ოკუპაცია საკუთარი თვალით იხილეს. სენატორებს ოკუპაციის ხაზზე არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელმა გააცნო.

სენატორები საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოვიდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას ორი ქვეყნის დიპლომატები დახვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ  ეს ვიზიტი ამერიკის მხარდაჭერის მორიგი მკაფიო დასტურია.

ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტს წინ უძროდა ამერიკის სენატიდან გაკეთებული მკაცრი განცხადებები. ჯინ შაჰინი “ქართული ოცნებას” დათმობაზე წასვლისკენ ოპოზიციას კი პარლამენტში შესსვლისკენ ღიად მოუწოდებდა. შაჰინი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ოქტომრბის არჩევნებს ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული უწოდა.