„მუქარის წერილი გახრიამ გადმოგვცა “- რატომ დახურა პროკურატურამ სკანდალური წერილის საქმე | 03.06.2021

“ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მას პირადად გიორგი გახარიამ გადასცა. ბადრი ჯაფარიძე სკანდალურ წერილზე ისევ ალაპარაკდა, თუმცა, როდის და რა ვითარებაში გადასცა გახარიამ მას მუქარის შემცველი წერილი, ჯაფარიძე დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ პროკურატურამ წერილის საქმე ისე დახურა, რომ არც ის და არც მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

წერილში, რომელიც “ლელოს” ლიდერების მტკიცებით მათ გახარიამ გადასცა 3 მოთხოვნაზეა საუბარი. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს უნდა გაეკეთებინათ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ განცხადება, ტელეკომპანია “პირველი” უნდა გადასულიყო ტელეკომპანია “იმედის” ტრენდზე და ტელეკომპანია “არტაერეას” უნდა შეეცვალა სარედაქციო პოლიტიკა.

გახარიას ყოფილი თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ სკანდალურ წერილტან დაკავშირებით ახლაც იგივე პოზიცია აქვთ, როგორიც გიორგი გახარიას “ქართულ ოცნებაში” ყოფნის დროს ჰქონდათ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” არანაირი მუქარის წერილის თანამონაწილე არ არის.

“ლელოს” ლიდერების განცხადება სარწმუნოა ოპოზიციისთვის. მათი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა, რომელსაც დაავალეს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის მუქარის წერილი გაეგზავნა. ოპოზიცია თვლის, რომ თუ გახარიას ოპოზიციურ ველზე თავის დამკვიდრება სურს ამ და სხვა თემებზე უნდა ალაპარაკდეს.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ წერილის შესახებ პირველად 2019 წლის 4 მარტს ისაუბრა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხაზარაძემ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. თუმცა, ფაქტი მაშინვე უარყო გიორგი გახარიამ, რომელმაც თქვა, რომ ის წერილებს არ აგზავნის. სკანდალურ წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები