რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერა დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს | 02.06.2021

რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერა   დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს.  იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეები შეიკრიბნენ. დაკავებულ აქტივისტს  პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და მასზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.  სპეცოპერაცია  მუკბანიანის დასაკავებლად რიონის ხეობაში გუშინ ჩატარდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გასროლა განახორციელეს, შედეგად კი ორი მოქალაქე დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გასროლა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო.

დაკავებული აქტივისტის მხარდაჭერის პარალელურად, რიონის ხეობის მცველები კვლავ ხმაურიან აქციას აანონსებენ.  პროტესტის ფონზე  ეკონომიკის სამინისტრო ნამოხვანჰესზე კვლევების შედეგებს აქვეყნებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია  აღნიშნული, ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. სამინისტროში განმარტავენ, რომ  პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა. კვლევის გასაჯაროების შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ  ხელისუფლებამ   საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა სარგებელი ან რა საფრთხე მოაქვს ჰესს გარემოსთვის. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ფიქრობს, რომ  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს.

უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო, იმერეთის სამხარეო პოლიციის  გამომძიებელი თანამდებობას ტოვებს. “მთავარ არხთან” ინტერვიუში ზურაბ ხმელიძე ამბობს, რომ აღარ აპირებს  ხეობაში უკანონო დავალებების შესრულებას. გამომძიებელი  იმასაც ამბობს, რომ  პროტესტის გრძნობა მის არაერთ თანამშრომელს აქვს.  ხმელიძის განცხადებების მიღმა  ოპოზიცია სისტემურ პრობლემას ხედავს. მმართველი გუნდი კი გამომძიელებს ურჩევს შესაბამის უწყებას  მიმართოს.

დღეს სოფელ გუმათში პროტესტის  219-ე დღეა.  რიონის ხეობის მცველების მოთხოვნები უცვლელია – შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი  გაგრძელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები