პროტესტის 217-ე დღე რიონის ხეობაში, ექსპერტ-კრიმინალისტები გუმათში და შს მინისტრის მუქარა | 31.05.2021

რა ზიანი მიადგა უწყვეტი პროტესტის შედეგად სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ბარიკადებს.  ხეობაში ექსპერტ–კრიმინალისტები მივიდნენ, რომლებმაც ბარიკადების  წინ  ყვითელი ლენტი გაავლეს. საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხმაურის ფონზე იძიებს.

რიონის ხეობაში პროტესტის 217 დღეა.  ნამახვანჰესის მოწინააღმდეგები  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. ხეობის მთავარი მცველის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით,  იმ ფონზე როდესაც ადგილობრივებს  გადაადგილება შეზღუდული აქვთ,  სამშენებლო ტერიტორიაზე “ენკას” თანამშრომლები პოლიციამ შეიყვანა. გოლეთიანი ამბობს, რომ  მუშები ქუთაისიდან პოლიციის მანქანებით წამოიყვანეს.

მწვავე პროტესტის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტად,  სპეცრაზმმა გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენოს. ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ პოლიცია განსაკუთრებული მობილიზებით ცდილობს, სოფელ გუმათში დაპირისპირება  არ მოხდეს.

ჰესის აშენებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია. “ქართული ოცნების” ლიდერები ფიქრობენ, რომ რიონის ხეობის მცველები შეცდომაში არიან შეყვანილები, სწორედ ამიტომ კვლავ დიალოგის ფორმატს სთავაზობენ.

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ  მშვიდობიანი ფორმით პროტესტს უწყვეტად იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე „ნამახვანჰესის“ მშენებლობა არ შეჩერდება. მათთვის პრინციპულად მიუღებელია ის ხელშეკრულება, რომელიც კომპანია  ენკასთან  გაფორმდა. რიონის ხეობის მცველები ასევე ითხოვენ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებმაც ხელშეკრულების გაფორმებაში მიიღეს მონაწილეობა.