მწვავე პროტესტის ფონზე “ოცნება” რიონის ხეობის მცველებს კვლავ დიალოგის ფორმატს სთავაზობს | 28.05.2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული რვა პირი გათავისუფლდა, მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. გამოძიება აქტივისტებს  პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ისინი სამართალდამცავებმა საპოლიციო ჯებირის გადაკვეთის გამო დააკავეს.

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ აქტივისტების დაკავებით მათი სამოქმედო გეგმა არ შეიცვლება. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები აანონსებენ, რომ კომპანია “ენკას”, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების  საშუალებას არ მისცემენ. პროტესტის მონაწილეების განმარტებით, სახელმწიფო მათ უფლებებს ლახავს, რადგან რიონის ხეობის მაცხოვრებლები საკუთარ სახლში გადასვლას ვერ ახერხებენ.

რიონის ხეობის მცველები უკვე მეორე დღეა  პროტესტის გამოხატვას, რკინის კონსტრუქციაზე ხმაურის გამოწვევით ცდილობენ. სიტუაცია გვიან ღამით უკიდურესად დაიძაბა. პროტესტის მონაწილეებმა ჯებირის  გარღვევა სცადეს, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო   რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტებს იძიებს.

მწვავე პროტესტის ფონზე “ქართული ოცნება” რიონის ხეობის მცველებს კვლავ დიალოგის ფორმატს სთავაზობს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის მიდგომა ნამახვანჰესთან დაკავშირებით კონსტრუქციულია. მმართველი გუნდის ლიდერები რიონის ხეობის მცველების პროტესტის ფორმებს იწუნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ჰესის აშენებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ოპოზიციური სპეტქრი ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.  ფიქრობენ, რომ  ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტი სწორედ მმართველი გუნდის  არასწორმა და  არასათანადო დიალოგმა გამოიწვია.

რიონის ხეობის მცველების  მოთხოვნები უცვლელია – შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი  გაგრძელდება.