არის თუ არა ქვეყანა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის მასშტაბური გავრცელების საფრთხის წინაშე | 28.05.2021

საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდათ, სახლის პირობებში მკურნალობენ. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ინდური შტამი საქართველოში სულ ხუთ ადამიანს დაუდგინდა, მათგან სამმა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საქართველო უკვე დატოვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მათი ყველა კონტაქტი დადგენილია.

COVID-19-ის ინდური შტამი ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, 50%-თ უფრო სწრაფად ვრცელდება და 15-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია. თუმცა არანაირი მინიშნება, რომ ინდური შტამი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. მის წინააღმდეგ ორი ვაქცინის, “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია. ფაიზერს ინდური შტამის მიმართ 90%-მდე ეფექტურობა აქვს, ხოლო ასტრაზენეკას 60%-იანი. „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ვითარება საგანაგაშო არ არის, თუმცა, საყურადღებოა. მათი თქმით, აუცილებელია დროულად მოხდეს ჯანდაცვის სისტემის და კლინიკების მობილიზება.  მათ აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყანაში ინდური შტამის შემთხვევები გაიზრდება.  ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები პირბადის გამყენებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ისევ მზარდია კორონავირუსის შემთვევები. განსაკუთრებით მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში ინფექციას 28 პაციენტი ემსხვერპლა. გასულ დღე-ღამეში საეჭვო სიმპტომების გამო კორონავირუსზე ტესტირება 39 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, მათგან დადებითი 1056 აღმოჩნდა. ბოლო მონაცემებით ინფექციას ქვეყანაში 13 000-მდე ადამიანი ებრძვის. რაც შეეხება აცრილტა სტატისტიკას, 24 საათში 4 445 ადამიანი აიცრა, სულ კი ვაქცინირებული 130 037 პირია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები