პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა, წყლის ჭავლის მანქანები, რკინის ბარიკადები – ვითარება გუმათში | 27.05.2021

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ახლა ისევ სოფელ გუმათში ითხოვენ. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ღამით ხელს 6 საათის განმავლობაში ურტყამდნენ და ხმაური  მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს. მომხდარის გამომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გუმათში შეკრებილები პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ და დაზიანდა რკინის ჯებირები.

რიონის ხეობის მცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ რკინის ჯებირს ხელის დარტყმით ადამიანი ვერ დააზიანებს, ქვა კი არავის ჰქონია. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ასეთი უსუსური მეთოდებით პროტესტი არ შეჩერდება და ჯებირზე ხმაური აუცილებლად გაგრძელდება. რიონის ხეობის მცველებისთვის ასევე საეჭვოა მართლაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დააზიანეს თუ არა სოფელ გუმათთან აღმართული რკინის ჯებირი.

ვარლამ გოლეთიანმა დღეს მათი დაფინანსების წყაროებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რიონის ხეობის მცველები ყველა იმ წყაროს და კერძო პირის შესახებ ინფორაციის გასაჯაროვებას გეგმავენ, რომლებიც მათ თანხებს ურიცხავენ. გოლეთიანი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც „რიონის ხეობის მცველების“ დამფინანსებლებში ეჭვი შეაქვთ, თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი დაფინანსების წყაროები.

სოფელ გუმათთან დილით მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან ისევ გამოჩნდა ქართული მარშის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი. რიონის ხეობის მცველებმა ფალავანდიშვილს ურჩიეს, რომ აქციის ოგრანიზოტორთა ფუნქციებშია რ ჩაერიოს და არ გააკონტროლოს, თუ ვინ შეურთდება აქციას.

“რიონის ხეობის მცველებს” კარვები სამ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ერთ-ერთი არის კომპანია “ენკას” ბაზასთან. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი. ამბობენ, რომ გადაადგილებას მხოლოდ კომპანიის ტექნიკას უზღუდავენ და  სხვა ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები