გაზრდილი უმუშევრობა, მომატებული ფასები და ახლა უკვე 8 თეთრით გაძვირებული გაზი | 27.05.2021

გაზრდილი უმუშევრობა, მომატებული ფასები და ახლა უკვე გაძვირებული გაზი. 1 ივნისიდან დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ტარიფი 8 თეთრით უძვირდება. თუკი აქამდე “თბილისი ენერჯის” მომხმარებლები 1 კუბურ მეტრზე 46 თეთრს იხდიდნენ, ივნისიდან მოსახლეობას 54 თეთრის გადახდა მოუწევს. გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მიიღო. სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვალუტის კურსის გაუარესების გამო კომპანია ზარალზე მუშაობდა და მარეგულირებელს ტარიფის გადახედვა მოუწია. დავით ნარმანიას თქმით იმ შემთხვევაში, თუ ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდება, არ არის გამორიცხული, რომ ბუნებრივი აირი კიდევ გაძვირდეს.

სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით შპს “თბილისი ენერჯიმ” 18 თებერვალს მიმართა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ლარის გაუფასურების გამო ზარალზე მუშაობენ და 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდიან. შედეგად კი კომპანიას ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 მილიონი ლარის ოდენიობით ზარალი მიადგა. “თბილისი ენერჯი” ითხოვს, რომ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში დაფიქისრდეს, რათა სავალუტო რყევებმა ტარიფის კორექტირება არ გამოიწვიოს.

ბუნებრივი აირის გაძვირებით შეშფოთებულია მოსახლეობა. თბილისის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ყველაფერი გაუზვირდათ, არსებული თანხა კი არაფერზე აღარ ჰყოფნით. მოქალაქეები შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და “ქართულ ოცნებას” ურჩევენ მოსახლეობაზე იფიქროს.

გაზის გაძვირებას მოსალოდნელს, “თბილისი ენერჯის” მოთხოვნას კი საფუძვლიანს უწოდებს ენერგოომბუცმენი. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მომხმარებლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ის თბილისის აბონენტებისთვის სოციალური პაკეტის შემუშავების საკითხს აყენებს.

გაზის ტარიფის მატება არ უკვირთ ეკონომისტებს, რომლებიც თვლიან, რომ შექმნილ ვითარებაში დამნაშავე არა კომპანია ან სემეკი, არამედ საქართველოს მთავრობაა.  მათი თქმით  ბოლო 9 წელიწადში 100%-ით გაუფასურებული ლარი და ეკონომიკური ვარდნაა მიზეზი, რის გამოც კომუნალური გადასახადები სულ უფრო იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ტარიფის ერთბაშად 8 თეთრით მატება ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობაზე მძიმედ აისახება.

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახლად დადგენილი ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. რაც შეეხება რეგიონებს, სემეკში განმარტავენ, რომ “სოკარ ენერჯი” გაზი ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს. უნდა ელოდოს თუ არა მოსახლეობა გაზის შემდეგ უკვე ელექტროენერგიის ფასის მატებასაც, მარეგულირებელში ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით დენის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები