კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება | 25.05.2021

კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. პირველი ივნისიდან  კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. თუმცა, ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს გახსნის. საზღვრის კვეთისთვის სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება საჭირო, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურიზმის გახსნა ეკონომიკის აღდგენის საწინდარია.

ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ეკონომიკა დიდი სიფრთხილით, გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე უნდა გაიხსნას. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ შარშანდელის მსგავსად წელსაც, აგვისტოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად ისევ დაიწყოს. გამყრელიძის თქმით,  ეს შესაძლოა, ახალი მუტირებული შტამების გამო მოხდეს. სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. თუმცა, აცრების 70% დედაქალაქზე მოდის, რის გამოც თბილისში ადგილები ჩინურ “სინოვაკზე” აღარ არის. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, თბილისში “სინოვაკზე” უკვე 15 000 ადამიანია ჩაწერილი და მოთხოვნა იზრდება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დღეებში თბილისში კაბინეტების რაოდენობა გაზირდება. 15 ივნისამდე ქვეყანამ 43 000 დოზა “ასტრაზენეკა” უნდა მიიღოს. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში  საქართველო ნახევარ მილიონ “სინოფარმსაც” ელოდება. დაგეგმილია “ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანაც. გამყრელიძის თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნოვავაქსთან. გასულ 24 საათში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 4354-მა ადამიანმა ჩაიატარა. ბოლო მონაცემებით ქვეყნის მაშტაბით 117 354 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებული 16 864 ადამიანია.

კორონავირუსის შემთხვევები კი ისევ მზარდია. ბოლო 24 საათში ინფექციით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 30 000-ზე მეტი ტესტიდან დადებითი 1354 აღმოჩნდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.45%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი დღიური შემთხვევები ისევ დედაქალაქში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო-სვანეთშია. ბოლო 24 საათში ვირუსი 821 პირმა დაამარცხა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ვირუსის წარმოშობის საკითხზე  ისევ კითხვის ნიშნები არსებობს. ამერიკის შეერთებული შატატების პირველი  ინფექციონისტი COVID-19-ის ბუნებრივ განვითარებაში დარწმუნებული არ არის  და ვირუსის წარმოშობის ღია გამოძიებას ითხოვს. აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ჩინეთის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლები, COVID-19-ით, ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დაავადდნენ. რაც, მათი ინფორმაციით, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიას ამყარებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები