ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება – ირაკლი ღარიბაშვილი | 24.05.2021

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით,  მთავრობამ მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა დეტალს და  გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. პრემიერი აცხადებს, რომ ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებენ მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც.  ამბობენ, რომ  ულტიმატუმის ენით საუბარი საქმეს არ წაადგება. მწვავე პროტესტის ფონზე,  თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ  ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა აშენდეს.

რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი მოთხოვნა – ეკონომიკის მინისტრის  გადადგომაა, თუმცა ნათია  თურნავა თანამდებობის დატოვებას  არ  აპირებს.  მინისტრი ირწმუნება, რომ ნამახვანჰესის პროექტი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანია. თურნავას თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით,  მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს.

უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი – ამ საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ოპოზიციურ სპექტრი თანხმდება, რომ  პროექტთან დაკავშირებით  ხელისუფლებამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს.

რიონის ხეობის მცველების პროტესტის შინაარსს იზიარებს მესამე სექტორი. არასმთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედითნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებენ.

პროტესტის ფონზე, კომპანია “ენკა” კვლავ აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებთან დიალოგისთვის მზად არიან. კომპანია წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი. ირწმუნებიან, რომ  ნამახვანჰესის  პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც რიონის ხეობის მცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები