დღეიდან საქართველოში კიდევ ერთ ვაქცინაზე, ჩინური წარმოების სინოვაკზე, რეგისტრაცია დაიწყო | 21.05.2021

დღეიდან საქართველოში კიდევ ერთ ვაქცინაზე, ჩინური წარმოების “სინოვაკზე”, რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის მსურველთათვის ბაზა დღის 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში სინოვაკით აცრის სურვილი 5 370-მა ადამიანმა გამოთქვა. აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება. ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

საქართველოში სულ 4 დასახელების ვაქცინა გამოიყენება. 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის დარეგისტრირება ჯერ ისევ შეუძლიათ. ჩინური წარმოების “სინოფარმისთვის” კი მეორე დოზის მსურველები რეგისტრირდებიან. “ფაიზერის” მილიონ დოზას ქვეყანა ივლისის შუა რიცხვებში ელოდება. ბოლო მონაცემებით საქართველოში ჯამურად 105 500 აცრაა ჩატარებული, სრულად ვაქცინირებული კი 16 147 ადამიანია.

ეპიდვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით, საქართველოს ინდოეთზე მაღალი ავადობა აქვს. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პირბადის გამოყენებასა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე ისევ საუბრობს. პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ თუ სტაბილური ეპიდვიტარება შენარჩუნდება, ორ-სამ კვირაში რეგულაციები კვლავ შემსუბუქდება. იმნაძის თქმითვე, სტაბილური ეპიდვითარების გამო სახმელეთო საზღვრები მალე გაიხსნება.

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 29 პაციენტი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 26 000-მდე ტესტიდან დადებითი 1064 აღმოჩნდა. დღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებს ისევ აჭარბებს, ბოლო 24 საათში ინფექცია კიდევ 1 135 პაციენტმა დაამრცხა. ყველაზე მეტი დღიური შემთხვევა ისევ დედაქალაქშია, მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია. ბოლო მონაცემებით კორონავირუსს ქვეყანაში 14 785 ადამიანი ებრძვის, მათგან 900-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.