თუ საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად განხორციელდება, არჩევნებს აზრი დაუბრუნდება – ოპოზიცია | 20.05.2021

საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი ვენეციის კომისიას სავარაუდოდ დღეს გადაეგზავნება. შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკვე შეთანხმდა და მომავალი კვირიდან საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით თუ საარჩევნო რეფორმა სრულფასოვნად განხორციელდება, არჩევნებს აზრი დაუბრუნდება. მათი თქმით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, არჩევნების მიმართ ნდობა გაჩნდეს, ამიტომ  5 თვეში საარჩევნო სისტემას ახალი ტესტი ელოდება.

შეთახნმებული საარჩევნო რეფორმით  შესაძლოა არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდეს, რაც კანონმდებლების თქმით, ხარვეზებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მათ შორის საუბარია სახის ამომცნობ პროგრამაზე, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერების დაკვირვებით ხმების დათვლაზე. სწორედ ამ ტექნიკურ საკითხებს დეპუტატები კვირის ბოლომდე ცესკოსთან ერთად განიხილავენ. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ცვლილებებით საარჩევნო პროცესის სისტემური გაუმჯობესება მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით მხარეებს თამარ ჟვანიას შეცვლის ვალდებულება არ აუღიათ, ოპოზიცია მაინც ფიქრობს, რომ ჯანსაღი  გარემოსთვის უკეთესია მომდევნო არჩევნები ახალმა თავმჯდომარემ ჩაატაროს. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ თუ თამარ ჟვანია პოსტზე დარჩება, საარჩევნო რეფორმის შედეგად მას გაყალბების მექანიზმები არ ექნება. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას წინააღმდეგ დაუსაბუთებელი შეტევა მიმდინარეობს.

დღეს ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ცესკოში საკუთარი წევრი უკვე წარადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციაში ფრაქციის წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იქნება, რომელიც ბადრი ჯაფარიძის განცხადებით საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მიღწეულ შეთანხმებით კმაყოფილია ევროკავშირის ელჩი. რაც შეეხება თამარ ჟვანიას საკითხს – კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა და ამ თემაზე მსჯელობის გაგრძელება თავად პარტიების გადასაწყყვეტია.

საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით განხილვები პარლამენტში უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს კი დეპუტატები მეორე მოსმენამდე ელოდებიან. სწორედ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე იქნება დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა ცვლილებებს პარლამენტი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები