მესამე სექტორის წარმომადგელების მიმართვა პარლამენტს | 19.05.2021

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. შეთანხმების პირობების კეთილსინდისიერად შესრულება კი ქვეყნის პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დროულად უნდა მოხდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ვინაიდან საბჭოს 15  წევრიდან 9 საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ახლიდან უნდა აირჩეს. სწორედ ამიტომ, მათი თქმით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები სამართლიანი პროცესის შედეგად იყვნენ არჩეული. არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ პარლამენტს მარლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას მიესალმებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა დროულად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ქვეყანაში არსებული პრობემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სასამართლო სისტემაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ მართლმსაჯულების რეფორმის  აქტიური მონიტორინგი უნდა განახორციელოს. მმართველი გუნდის წევრებისთვის კი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება გაუგებარია. მათი თქმით “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს და მართლმსაჯულების რეფორმაც აუცილებლად განხორციელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები