გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი შესრულდა | 19.05.2021

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი შესრულდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქე, 30 წლის გიგა ოთხოზორია,  ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ,  2016 წლის 19 მაისს,  საქართველოს  კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მკვლელობაში მსჯავდებულს  დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოთხოზორიას მკვლელობის  დღეს განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ,” წერს ღარიბაშვილი.

ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მივიდა. თეა ახვლედიანმა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და  მათ მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები