ხელუხლებელი თამარ ჟვანია და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში | 18.05.2021

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საარჩევნო კოდექსზე  საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს, ირწმუნება, რომ ახალი პროექტი ისეთ პრობლემებს მოაგვარებს, როგორიცაა სარჩევნო დავები და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით მხარეებს თამარ ჟვანიას შეცვლის ვალდებულება არ აუღიათ, ოპოზიცია მაინც ფიქრობს, რომ ჯანსაღი  გარემოსთვის უკეთესია მომდევნო არჩევნები ახალმა თავმჯდომარემ ჩაატაროს.

მას შემდეგ, რაც მხარეები ერთიან პროექტზე შეჯერდებიან, საარჩევნო კოდექსი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. სწორედ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე იქნება დამოკიდებული დაამტკიცებს თუ არა მას პარლამენტი. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ განახლებული საარჩევნო კოდექსი მდგომარეობას სისტემურად აუმჯობესებს, თამარ ჟვანიას გადაყენებისთვის კი მხოლოდ ოპოზიციის სუბიექტური დამოკიდებულება საკმარისი მიზეზი არ არის.

საარჩევნო რეფორმას სკეპტიკურად უყურებენ პარლამენტს მიღმა მყოფი პარტიები. არასაპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემდეგ მმართველმა გუნდმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თამარ ჟვანია თანამდებობიდან გაუშვას.

საქართველოს პარლამენტს საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები უკვე გააცნო მესამე სექტორმა. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას მიშელის დოკუმენტის სრულფასოვან შესრულებაზე ამახვილებენ და სისტემური რეფორმის საჭიროებაზე საუბრობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ერთი კონკრეტული პირის თანამდებობიდან წასვლა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი ვერ იქნება.

ახალი საარჩევნო კოდექსით, შესაძლოა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდეს, რაც კანონმდებლების თქმით, ხარვეზებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საარჩევნო კოდექსზე მუშაობას სპეციალური ჯგუფი უახლოეს დღეებში დაასრულებს.