მსჯელობა მერობის ერთიან კანდიდატებზე – ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე ისევ ვერ თანმხდება | 18.05.2021

ზურა გირჩი ჯაფარიძე თბილისის მერად კენჭისყრას გეგმავს. “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ამბობს, რომ მის პარტიას აქვს ამბიცია თბილისის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს. თუმცა, ჯაფარიძე ამბობს, რომ  შეთავაზების შემთხვევაში ის თანახმაა, თბილისის მერის თანამდებობაზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ზურა ჯაფარიძეს მოუწოდებს პირადი ამბიციები გვერდზე გადადოს და “ქართული ოცნების” დასამარცხებლად ერთიანი ფრონტის შექმნაზე იფიქროს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ოქტომბრის არჩევნებში, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმიც იქნება, ცალკე პარტიებს გამარჯვება გაუჭირდებათ. მათი თქმით, საკვანძო ქალაქებში ოპოზიციამ მერობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმება უნდა შეძლოს.

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი კი აცხადებს, რომ მათი თავდაპირველი ამოცანა ახლა ხალხთან მეტი კომუნიკაციაა. არჩევნებში გამარჯვების ფორმულაზე კი ერთ თვეში ისაუბრებენ.

ვინ იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი ისევ უცნობი რჩება. კახა კალაძე ისევ არ აკონკრეტებს აპირებს თუ არა მეორე ვადით თბილისის მერად კენჭისყრას. კალაძე მიიჩნევს, რომ სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია  და  საზოგადოება პარტიის და მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. მერი დარწმუნებულია რომ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მაღალ მხარდაჭერას მოიპოვებს.

შეძლებს თუ არა პარლამენტში შესული და გარეთ დარჩენილი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას მალე გახდება ცნობილი. პარტიები მერობის კანდიდატებს ზაფხულში დაასახელებენ. გადამწყვეტია რჩევნები ოქტომბერში გაიმართება. როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმიც, ვინაიდან შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები