კორონავირუსის სტატისტიკა ქვეყანაში ისევ მზარდია – ბოლო 24 საათში 30 პაციენტი გარდაიცვალა | 18.05.2021

კორონავირუსის სტატისტიკა ქვეყანაში ისევ მზარდია. განსაკუთრებით საყურადღებო გარდაცვლილთა რიცხვია. ბოლო 24 საათში ინფექციამ 30 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაღალია დღიური ინფიცირების მაჩვენებლიც. 24 საათში გატესტილი საეჭვო სიმპტომების მქონე 30 000-მდე ადამიანიდან კოვიდ დადებითი 1564 აღმოჩნდა. შემთხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. მეორეადგილზე კვლავ იმერეთი, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში COVID-19-ს 15 567 ადამიანი ებრძვის, რომელთაგან 917-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში მომდევნო კვირიდან “სინოვაკით” ვაქცინაციაც იწყება. აიცრებიან 18 წელს ზემოთ მოქალაქეები. გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ჩინური წარმოების “სინოვაკს” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “სინოვაკით” აცრის დაწყებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ხსნის. თამარ გაბუნიას განმარტებით, რეგისტრაციისა და ვაქცინაციის დაწყების ზუსტი თარიღები მალე დაზუსტება. გაბუნია ამბობს, რომ “სინოვაკი” აღიარებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ, პოზიტიურია ჯანმოს შუალედური დასკვნა და ის 25-მდე ქვეყანაში გამოიყენება.  გაბუნიას განცხადებით, მოსალოდნელია COVAX პლატფორმასთან საქართველომ მოკლე ხანში დაიწყოს მოლაპარაკება johnson&johnson-სა და novavax-ის დოზების მიღებასთან დაკავშირებით.

ვაქცინაციის პროცესი  პენიტენციურ დაწესებულებებშიც დაიწყო. გეგუთის N14; გლდანის N8 და რუსთავის ქალთა N5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები COVID-19-ის წინააღმდეგ აიცრებიან. ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს.

ბოლო 24 საათში COVID-19-ის წინაღმდეგ 4 000-ზე ემტი ადამიანი აიცრა. ქვეყანაში ჯამურად 93 305 ადამიანია აცრილი, სრულად ვაქცინირებული კი 15 077 პირია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები