გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან დაიწყება | 17.05.2021

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. თუმცა გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომენდანტის საათი ზუსტად 23:00 საათზე ამოქმედდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე კვირიდან შეზღუდვები შემსუბუქდება კვების ობიექტებისთვისაც. რესტორნებს შაბათ-კვირას სტუმრების მიღება ღია სივრცეში  შეეძლებათ. სასტუმროს რესტორნები კი ფუნქციონირებას 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე  შეძლებენ. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში  შესაძლოა პირველი ივნისიდან შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდეს.

კომენდანტის საათის გადაწევის გამო გაიზარდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის ხანგრზლივობაც. დღეიდან თბილისის მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე მოემსახურებიან. იცვლება საბაგირო გზების მუშაობის განრიგიც.

შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო მიიღო. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა მაღალია სიკვდილიანობის სტატისტიკა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში COVID19-ს უკვე 4469 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში ჩატარებული 11 665 ტესტიდან კორონავირუსი კიდევ 504 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 330 879-მდე გაიზარდა. ინფიცირების ყველზე მეტი 263 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, მეორე ადგილზე 53 შემთხვევით აჭარაა, ხოლო მესამე ადგილზე იმერეთი, სადაც კორონავირუსი 50 ადამიანს დაუდასტურდა.

მომავალი კვირიდან მოქალაქეებს ჩინური “სინოვაკით” აცრის შესაზლებლობა მიეცემათ, მიუხერდავად იმისა, რომ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, ვაქცინაციის საბჭომ მის გამოყენებას მხარი დაუჭირა.  ამ ეტაპზე ქვეყანაში “სინოვაკის” სულ 100 000 დოზაა. რაც შეეხება “სინოფარმს” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით “სინოფარმის” ვაქცინაზე ახალი რეგისტრაციის შესაძლობლობა ამ ეტაპზე მხოლოდ სტრატეგიულ ჯგუფებს აქვთ, მათ შორის პოლიციის, პენიტენციური სისტემის, თავდაცვის და მედიის წარმომადგენლებს. მიმდინარე კვირიდან კი ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაციაც დაიწყება.

ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ “ფაიზერის” პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ზაფხულში ქვეყანაში “ფაიზერის” მილიონ დოზას ელოდება. მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები “სინოფარმის” და “სინოვაკის” ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, მოლაპარაკებები დაწყებულია “მოდერნასთან” და “ნოვავაქსის” ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც.

ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში აქტიურად გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ორივე დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა.