ოპოზიციური ფრაქციის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მსჯელობა “ნაციონალურ მოძრაობაში” | 14.05.2021

პირველმა ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში მუშაობა დაიწყო. 6 კაციანმა ერთობამ, რომელიც “ლელოს” გარშემო გუშინ შეიქმნა, პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. დახურულ კარს მიღმა ოპონენტები ამნისტიის იმ კანონს განიხილავდნენ, რომლის დამტკიცებასაც “ქართული ოცნება” უახლოეს კვირებში გეგმავს. საპარლამენტო ოპოციზია დარწმუნებულია, რომ ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის პროექტი მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას აცდენილია, ამიტომ “ოცნების” გადასარწმუნებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან, საპარლამენტო ოპოზიციამ გარდა ამნისტიის პროექტებისა, ის საარჩევნო რეფორმაც განიხილა, რომელმაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნები გამართულად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე უნდა ჩატარდეს, ამიტომ თამარ ჟვანია ცესკოს სათავეში აღარ უნდა იყოს. მმართველმა გუნდმა კი დღეს ისევ თამარ ჟვანიას დაცვა სცადა, და ოპოზიციას მისთვის ბოდიშის მოხდა ურჩია.

ვიდრე საქართველოს პარლამენტში განხილვის მთავარი თემა ამნისტიის პროექტებია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შესვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. სავარაუდოდ, შესვლა/არ შესვლის საკითხს საჯარო გამოკითხვის ის  ფორმა გადაწყვეტს, რომლის დახმარებითაც რამდენიმე თვის წინ მხარდამჭერებმა თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. პარტიაში არ მალავენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დადგა დრო მუშაობა პარლამენტში გაგრძელდეს.

ამ ეტაპზე პარლამენტში ამნისტიის ორი პროექტია ინიცირებული. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” რედაქციაში არსებული არაერთი ბუნდოვანება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საბოლოოდ რომელ პროექტს დაამტკიცებს პარლამენტი და დაიხევს, თუ არა უკან რომელიმე მხარე მალე გაირკვევა. ამნისტიის პროექტებს დეპუტატები სავარაუდოდ მომავალი კვირიდან ჯერ კომიტეტებზე, შემდეგ კი პარლაემნტის სხდომებზე განიხილავენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები