შეურთდება თუ არა პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობის“ 32-წევრიანი ჯგუფი

შეურთდება თუ არა პარლამენტს “ნაციონალური მოძრაობის” 32 წევრიანი ჯგუფი – უკვე 3 დღეა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში მსჯელობენ რა უნდა იყოს მათი შემდგომი ნაბიჯი. “ნაციონალურ მოძრაობაში” არ მალავენ, რომ პოზიციები პარლამენტში შესვლაზე ერთგვაროვანი ისევ არ არის, ამიტომ შესაძლოა, საკითხი კენჭისყრამ გადაწყვიტოს.

პარტიაში ახლა გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ფორმას განიხილავენ, მათ შორისაა საჯარო ხმის მიცემა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პარტიაში ფიქრობენ, რომ მუშაობა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს, თუმცა ეს ქუჩაში აქტიურობას არ გამორიცხავს. შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პარტიას უახლოეს დღეებში მოუწევს.

სანამ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ ფიქრობს, საკუთარ პოზიციას არ ცვლიან პარლამენტს მიღმა მყოფი სხვა პარტიები. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა საგანგებო ბრიფინზგე დღეს პირდაპირ თქვა, რომ პარლამენტში შესვლას ისევ არ პირებს, ვინც შევიდა კი უკან უნდა გამობრუნდეს. შალვა ნათელაშვილი თანამოაზრებს ისევ აქ, მის ოფისში მოლაპარაკებებისთვის იხმობს. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უცვლელი პოზიცია აქვთ “ევროპულ საქართველოშიც”.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის არგუმენტები გაუგებარია ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. ამბობენ, რომ ქვეყანას ახლა ქმედითი, მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება, ამისათვის კი “ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო ორგანოში  შესვლა აუცილებელია.

“ნაციონალური მოძრაობა”, რომ პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევა, ამაში “ქართული ოცნება” დარწმუნებულია. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ შიდაპარტიული აზრთასხვადასხვაობა მოჩვენებითია, რადგან მათ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი სავარძლების დაკავება მაინც მოუწევთ. უმრავლესობა ამბობს, რომ, თუ მათი მთავარი ოპონენტები ისევ ქუჩაში დარჩებიან, ეს რუსული თამაშის გაგარძელება იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები