ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო | 12.05.2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო. როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები უკვე გამოუგზავნა.  ადვოკატის ინფორმაციით, სასამარათლო ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა  მელიას დაპატიმრებას. საჩივარი ეხება 20 ივნისის საქმეს, რომელშიც ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის არის ბრალდებულული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:  თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე  მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. ადვოკატის განმარტებით, ევროპული სასამართლო ამ კონტექსტში  ახსენებს ისეთ საქმეებს, როგორიცაა: “ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ” და “ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ”.

მმართველი პარტია კი  ამტკიცებს, რომ ნიკა მელია არა “ქართულ ოცნებას”, არამედ საკუთარ ქვეყანას უჩივის. შალვა პაპუაშვილის გამარტებით, მელიას სარჩელს ჯერ დასაშვებობის ეტაპიც არ გაუვლია.

ნიკა მელიას სარჩელს  იუსტიციის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.  უწყების  განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო სარჩელებს სტანდარტული პროცედურით განიხილავს და გადაწყვეტილების მიღებას სულ მცირე ორი წელი სჭირდება.  იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას საქმეზე  მყარი არგუმენტები აქვს, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს.

ნიკა მელიას სარჩელი პირველ მარტს დარეგისტრირდა, 21 აპრილს კი სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები გამოუგზავნა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას  პასუხების გაცემა მოუწევს.

სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით ნიკა მელიამ 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან მალევე მიმართა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაკავებლად სპეცრაზმი  პარტიის ოფისში შტურმით შევიდა  და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა.  მიუხედავად იმისა, რომ მელიას 77 დღიანი პატიმრობა დასრულებულია, ის მაინც ბრალდებულია. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რუსთავის ციხე 2 დღის  წინ  მას შემდეგ დატოვა, რაც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ევროკავშირმა  პოლიტიკურ ლიდერს, გირაო გადაუხადა.  თუმცა, სასამართლო განხილვები გრძელდება. მელიას მორიგი  პროცესი ხვალ  გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები