ეს არის პირველი ისტორიული ვიზიტი უმაღლეს დონეზე – სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკრდონიაში | 10.05.2021

მალე საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ მაკედონიაში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს  შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ. როგორც პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. დღესვე ხელი მოეწერა მეორე დოკუმენტსაც. საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ სკოპიეში ვილა ვონდოს საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ პირისპირ და გაფართოვებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.  სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ადამიანთა გატაცების და უკანონო პატიმრობის ფაქტებზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები