სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ მიერ დამტკიცებულ კანონზე ხელის მოწერას ჯერ ისევ არ ჩქარობს | 07.05.2021

“ოცნების” მიერ დამტკიცებული კანონი სალომე ზურაბიშვილს უკვე 9 დღეა სამუშაო მაგიდაზე უდევს, თუმცა ხელის მოწერას ჯერ ისევ არ ჩქარობს. ზურაბიშვილი მის საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, მანამდე კი ოპოზიციის მწვავე შენიშვნები დახურულ კარს მიღმა გუშინ უკვე მოისმინა. ხელისუფლების ოპონენტებს პრეზიდენტთან გამართული აუდიენციის შემდეგ დარჩათ განცდა, რომ ზურაბიშვილი ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება.

ადმინისტრაციულ კოდექსში “ოცნების” მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა სამჯერ იზრდება. იზრდება საპატიმრო ვადებიც –  ამიერიდან პოლიციას მოქალაქის წინასწარი დაკავება 12 საათის ნაცვლად 24 საათი შეეძლება. ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, დარწმუნებულია, რომ გამკაცრებული ნორმები აქტივისტების დაშინებას ემსახურება, ზურაბიშვილი კი “ოცნებასთან” დაპირისპირებას ვერ გაბედავს.

“ოცნების” მიერ შემუშავებული პროექტი წაიკითხა და საგანგაშო ნიშნები დაინახა მესამე სექტორმა. არასამთავრობო ორგანიზაციები გარდა კანონის შინაარსისა, მისი დამტკიცების ფორმასაც აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ “ოცნება” პროექტს ღამით, კომენდანტის საათის დროს განიხილავდა, რამაც ბიუროებზე მსურველთა დასწრება გაართულა. საია-ში ფიქრობენ, რომ ნორმების გამკაცრება გაუმართავი კანონდებლობის პირობებში – დაუშვებელია.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, აპოკალიპტურ სურათს ვერ ხედავს მმართველი გუნდი, რომლის შექმნილი კანონი გარდა ოპონენტებისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის საელჩოს კრიტიკის საგანიც გახდა. მმართველი გუნდი დღეს მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს გამოყენების საჭიროება არ არსებობს, რადგან გამკაცრებული ნორმები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის.

“ოცნების” წევრებს ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევა 76 ხმით შეეძლება, რაც მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს. ვეტოს გამოყენების შემთხვევაში კი პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტს კანონს უკან საკუთარ შენიშვნებთან ერთად დაუბრუნებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები