ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო – აშს-ის საელჩო | 30.04.2021

წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მწვავე კრიტიკის საფუძველი ხდება. “ქართული ოცნების” მიერ მნიშვნელოვანი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების გამო იმედგაცრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართულმა” ოცნებამ ამ შემთხვევაში მათი მოლოდინი არ გაამართლა, რადგან მნიშვნელოვან კანონმდებლობაში ცვლილებები, დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების გარეშე შეიტანა. ეს ფაქტი კი საელჩოს განცხადებით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

საკანონმდებლო ცვლილებებით,  პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა  1500 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმას ან  5-დღიდან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, პირის მიერ სამართალდამცავის დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა  გამოიწვევს 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას. ამავე ქმედების  განმეორებით ჩადენა –  კი 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 7-დღიდან 15 დღემდე პატიმრობას. გამკაცრებულ  საკანონმდებლო ცვლილებებს პროტესტის ჩახშობის მცდელობად აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით,  “ქართული ოცნება” მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებს იწყებს და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად  მიიღო.  ახლა ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ დეპუტატების შეცდომა პრეზიდენტმა უნდა გამოასწოროს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს. ფიქრობენ, რომ  აღნიშნული ცვლილება დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოში არსებულ პროტესტს ვერ შეაჩერებს.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმებიან, საერთაშორისო პარტნიორებთან კი დამატებითი კონსულტაციების გამართვას გეგმავენ “ქართულ ოცნებაში”. ამბობენ, რომ საკანონმდებლო პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს  ვერ დაუკავშირებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში   შესატანი ცვლილებები პარლაემნტმა გუშინ მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო. კანონპროექტს მხარი  72-მა დეპუტატმა დაუჭირა.