2 კანონპროექტი და 2 გზა თავისუფლებისთვის – რა ფორმით დატოვებს ნიკა მელია ციხეს | 29.04.2021

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოწერიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ საპატიმროში მყოფმა ნიკა მელიამ ჯერ კიდევ არ იცის რა ფორმით დატოვებს ციხეს. ახლა პარლამენტის თაროებზე ორი ერთამენთისგან განსხვავებული ამნისტიის პროექტი დევს, რომელთა განხილვასაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყებს. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია უახლოეს დღეებში ერთიან პროექტზე ვერ შეთანხმდება, ოპოზიციის აზრით, ეს მიშელის დოკუმენტის აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.

მიშელის დოკუმენზტე ხელის მომწერი პარტიების მიერ ინიცირებულ პროექტში წერია, რომ ამნისტია მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, ვის წინააღმდეგაც გამოძიება უკვე დაწყებულია. პარლამენტში შესული ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი განსხვავება, რაც მმართველი გუნდის პროექტთან შედარებით არსებობს, დოკუმენტში ჩადებული მკაფიო ჩანაწერებია.

მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერიდან სულ რამდენიმე დღეში დაწყებული უთანხმოება მმართველ გუნდს უჩენს განცდას, რომ ოპოზიცია შეთანხმების ჩაშლითაა დაინტერესებული. “ქართული ოცნება” ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ბრალდებულ პირებს ორ ნაწილად – მისიანებად და სხვისიანებად ჰყოფს. უმრავლესობამ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მელია დანარჩენ ბრალდებულებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ვერ იქნება.

გარდა იმ პირებისა, ვისაც ამნისტია უნდა შეეხოს, მხარეები კიდევ ერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამნისტია დაზარალებულების თანხმობის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, თუმცა ამ იდეას “ოცნება” ისევ არ იზიარებს. მხარეები დარწმუნებით ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმის ფიგურანტ იმ პოლიციელებს, რომლებმაც მომიტინგეებს მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ამნისტია არ შეეხება.

პარლამენტში წამოწყებულ მსჯელობას ისევ სკეპტიკურად უყურებენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებისთვისაც მიშელის დოკუმენტის მუხლები პარლამენტში შესვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევ დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” ტყვეებით ვაჭრობს და მელიას თავისუფლებით 20 ივნისის საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.

ამნისტიის კანონპროექტები განხილვისთვის ჯერ კომიტეტებზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა. საბოლოოდ პარლამენტი ამნიტიის იმ კანონს მიიღებს, რომელიც სამი მოსმენით 76 ხმას დააგროვებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები