ორი კანონპროექტი 20 ივნისის ამნისტიის შესახებ – ვის შეეხება ამნისტია | 28.04.2021

მმართველი გუნდის შედმეგ 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ოპოზიციამაც  დაარეგისტრირა. ოპოზიციის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად ამნისტია მხოლოდ იმ საქმეებს შეეხება, რასაც სახელმწიფო 2019 წის 20 ივნისიდან დღემდე იძიებდა. ამასთან, პოლიციელებს ამნისტია მხოლოდ იმ დათქმით შეეხებათ, თუ დაზარალებულად ცნობილი პირები თანხმობას განაცხადებენ.

კანონპროექტის დარეგისტრირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციამ “სტრატეგია აღმაშენებელის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეთანხმდნენ კიდევ ერთ საკითხზე, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რომელიც იმ პირების ვინაობას დაადგენს, ვინც გავრილოვის ღამეს უფლებამოსილებას გადაამეტა. ეს ინიციატივა შეხვედრაზე “ლელოს” ლიდერებმა დააყენეს. მათი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის აუცილებელია ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს და “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდეს.

ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტს და ახალ მოთხოვნებს უკმაყოფიელბით შეხვდა “ქართული ოცნება”. მმართველ გუნდში შთაბეჭდილება რჩებათ, რომ შარლ მშელის დოკუმენტზე ხელმომწერ და პარლაემნტში შესულ ოპოზიციას რეალურად შეთანხმების შესრულება არ სურს და ერთაინ კანონპროექტზეც სწორედ ამიტომ ვერ შეთანხმდნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტით ამნისტია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლს ისედაც არ ეხება და  შესაბამისად დაზარალებულის თანხმობის საკითხი აზრს მოკლებულია.

“ქართული ოცნების” და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ პარტია “მოქალაქეების” წევრები. მათთვის გაუგებარია რაზე კამათობენ მხარეები, როდესაც ორივე კანონპროექტში მთავარი პრინციპი გათვალისწინებულია და ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს ადამიანებს ასახიჩრებდნენ.

დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას და შეიქმნება თუ არა პარლამენტში 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია ჯერ-ჯერობით უცნობია.  ამნისტიის კანონპროექტების განხილვა კი საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს.