ნიკა მელია პოზიციას არ იცვლის – შეიცვლება თუ არა პატიმრობა ხვალნდელ პროცესზე | 28.04.2021

“ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერი ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პარლამენტი  ამნისტიის კანონპროექტს  უკან გაიწვევს. პარალელურად დაცვის მხარე სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ყველაზე მსხვილი  ოპოზიციური პარტიის ლიდერის საქმეზე ხვალ საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება. ამ დრომდე უცნობია შეიცვლება თუ არა მელიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.

სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, ნიკა მელიას ციხეში,  შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ერთადერთი თანაპარტიელი  შეხვდა. სალომე სამადაშვილს დღეს ჟურნალისტებთან არ უთქვამს, არის თუ არა მელია ნაწყენი მასზე მისთვის მიუღებელ დოკუმენტზე ხელმოწერის გამო.  სამადაშვილის თქმით, მელიას მთავარი გზავნილია, რომ ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს.

მელიას უცვლელი პოზიციის ფონზე, მმართველი გუნდი დღესაც იმეორებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ლიდერს “ქართული ოცნება”  მაინც შეიწყალებს.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე. სწორედ ამიტომ,  შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას და “ქართულ ოცნებას” მიმართავს, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, რის სანაცვლოდაც მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ციხე ამ პირობით დატოვოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები