ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა კომენდანტის საათი მოიხსნას – ჩინურ ვაქცინაზე ადგილები აღარ არის | 28.04.2021

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აქტივობა აცრის მსურველების მხრიდან საკმაოდ მაღალია. რეგისტრაციისთვის ფანჯარა გუშინ საღამოს 20:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში ადგილები თითქმის სულ შეივსო. ყველაზე აქტიური თბილისია, დედაქალაქში “სინოფარმით” აცრის სურვილი 4500-მდე ადამიანმა გამოთქვა, სულ კი 6700 ადამიანია რეგისტრირებული. კვლევების მიხედვით სინოფარმით აცრის შემდეგ კორონავირუსის მიმართ დაცვის უნარი 79%-დან 86%-მდეა, ხოლო 100%-ით მცირდება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ასევე 5-ჯერ ნაკლებია ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს. ჩინური “სინოფარმით” აცრის პროცესი ქვეყანაში 4 მაისს დაიწყება და ივნისში კი დამატებითი დოზები შემოვა.

ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, კომენდანტის საათი მოიხსნას. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა ექნება გაკეთებული. კომენდანტის საათთან ერთად კი შესაძლოა პანდემიის გამო დაწესებული არც სხვა შეზღუდვები შეეხოთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი უწყება მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭოს აღნიშნული ინიციატივით მიმართავს. ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს გარე სივრცეში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა, ასევე, მათთვის არ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა.

ეპიდსიტუაცია ყოველღიურად უარესდება. ბოლო 24 საათში 1551 ახალი შემთხვევა გამვლინდა და ვირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი ისევ 4%-ზე მეტია. სპეციალისტები მოსახლეობას უცვლელი რეკომენდაციებით ისევ მიმართავენ, განსაკუთრებით კი თავშეყრებისგან  თავის არიდებას სთხოვენ. პაატა იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა არსებულ რეგულაციებს დაიცავს, შესაძლოა ქვეყანაში ახალი შემთხვევების კატასტროფული მატება არ დაფიქსირდეს.

მაშინ, როცა რიგ ქვეყნებში პანდემიის მესამე ტალღა მძვინვარებს, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშეა. ინდოეთიდან ვირუსის ახალი და უფრო აგრესიული ქვეტიპი უკვე 17 სახელმწიფოში გავრცელდა. ყველაზე მეტი შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და სინგაპურშია. ქვეყანაში კრემატორიუმები გადატვირთულია, ჭირისუფლებს კორონავირუსით დაღუპულთა კრემაციისთვის რიგში დგომა საათობით უწევთ, ვრცელდება ფოტოები, სადაც აღბეჭდილია სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ავტომობილების სადგომზე, კუსტარულად მოწყობილი ადგილები კოცონებისთვის, სადაც ცხედრებს წვავენ. პაციენტებს კლინიკები ვეღარ იღებს, ხალხი რიგს პირდაპირ ქუჩაში და მანქანებში ელოდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები