ცხელი პოლიტიკური კვირა დაიწყო – ვის შეეხება ამნისტია | 26.04.2021

ხვალ პარლამენტი ამნისტიის იმ კანონს დააინიცირებს, რომელიც ბოლო ერთი კვირაა პოლიტიკური განხილვების მთავარი თემაა. პარლამენტის სასესიო დარბაზში ოპოზიციის შესვლამდე  რამდენიმე საათით ადრე,  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  კოლეგებს ციხიდან კიდევ ერთხელ მიმართავს. ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ამნისტიის პროექტი 20 ივნისის ჯალათებს შეეხებათ, კოლეგებს მისი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ევროპარლამენტარების თავდებობით  ციხის დატოვებაზე მზაობას გამოთქვამს.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები განცხადებების მიუხედევად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია თავს მშვიდად ისევ ვერ გრძნობს. ამბობენ, რომ მმართველი გუნდის ბუნდოვანი გზავნილები ტოვებს შანსს, რომ ამნისტია გავრილოვის ღამეში მონაწილე იმ პოლიციელებსაც შეეხებათ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოპოზიციის ეს ნაწილი ისევ დარწმუნებულია, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერით, ოპოზიციამ იჩქარა.

ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ახლა ეძებენ გზებს, რომ ამნისტიის კანონი რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის იყოს მისაღები. “ლელო” ამბობს, რომ კანონში უნდა ჩაიდოს ე.წ ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც პოლიციელების ამნისტირებისთვის დაზარალებულების თანხმობას აუცილელებს გახდის. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ თუ კანონის გარშემო შეჯერება ვერ მოხერხდება, ისინი პროექტის საკუთარ ვერსიას დააინიცირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის კანონის ზუსტი შინარსი ჯერ ისევ უცნობია, სავარაუდოდ, ამნისტია 3 პოლიციელს და 16 აქციის მონაწილეს შეეხება.  მმართველ გუნდში ამბობენ, რომ  ამნისტიაა  ყველა ბრალდებულს თანაბრად უნდა შეეხოს. “ქართული ოცნების” განმარტებით, ამნისტია კონვენციის მუხლებს არ შეეხება, ოპოზიციამ კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს და კანონის მიღებაში ჩაერთოს.

ვის შეეხება ამნისტია და როდის შეძლებს პარლამენტი მის მიღებას – კანონმდებლები ამბობენ, რომ ამნისტიის გამოცხადება რთული და შრომატებადი პროცესია. 29 აპრილს კი მელიას საქმეზე სასამართლო კიდევ ერთხელ იმსჯელებს. მელიას ადვოკატი ამბობს, რომ მელიას გამოშვების გასაღები ახლა პროკურატურის ხელშია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები