პარლამენტის თავმჯდომარეობიდან მერობამდე – თალაკვაძე შესაძლოა „ოცნების“ მერობის კანდიდატი იყოს | 26.04.2021

არჩილ თალაკვაძე შესაძლოა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იყოს. პოლიტიკური კულუარებიდან გამოსულ ამ ინფორმაციას, მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ამბობენ რომ  თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელება მცდარი ინფორმაციაა. “ქართულ ოცნებაში” დღეს არ დაუმალავთ, რომ აქვთ სურვილი მერობის კანდიდატი კვლავ კახი კალაძე იყოს.

“ქართული ოცნება” არ პასუხობს კითხვას – რეალურად რა მიზეზით  დატოვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი. ამბობენ, რომ მან გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო და  სხვა მიზეზები არ ყოფილა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ  იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი შედის, მნიშვნელოვანია თავმჯდომარე ნეიტრალური ფიგურა იყოს. რაც შეეხება მის შემცვლელს -კახა კუჭავას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” თალაკვაძის შემცვლელად დაასახელა, მმართველ პარტიაში იმედოვნებენ, რომ ის ისეთივე წარმატებული თავმჯდომარე იქნება, როგორიც არჩილ თალაკვაძე იყო.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2 დღის წინ მულოდნელად  დატოვა. წასვლის მიზეზად მან ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში მისი ჩართულობა დაასახელა. განმარტა, რომ ის აღარ აღიქმება ნეიტრალურ მხარედ და თანამდებობაზე დარჩენა მიზანშეწონილი არ არის. კახა კუჭავას კი პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე, ხვალ პლენარულ სხდომაზე აირჩევენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები