ნაცემი სასულიერო პირი და არეული მონასტერი – ჭყონდიდის ეპარქიაში სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება | 26.04.2021

ჭყონდიდის ეპარქიაში ორად გაყოფილ მრევლსა და სასულიერო პირებს შორის სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება. ბზობის საზეიმო წირვა, სალხინოში  ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კაკუტია მივიდა. შეკრებილთა ნაწილი მას მიწების მითვისებაში და დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს.  სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო. ჩვენება სასულიერო პირებმაც მისცეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს პოლიციის კორდონით გავლა დასჭირდა  ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანესაც. დაპირისპირებული სასულიერო პირები ეპარქიის ახალ მმართველს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.  ეპისკოპოსმა მომხდარზე  ამბიონიდან ისაუბრა და თქვა, რომ ეპარქიაში დაპირისპირება მორწმუნეებზე იდეოლოგიური შეტევაა.

ჭყონდიდში  დაპირისპირების დაწყება ეპარქიის მმართველის ცვლილებას უკავშირდება. მას შემდეგ რაც წმინდა სინოდმა, ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას დესტრუქციული ქმედებების გამო ეპარქიის მმართველობა ჩამოართვა-სიტუაცია  დაიძაბა. მეუფე პეტრეს  მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და ახალ მიტროპოლიტს უნდობლობას უცხადებენ.  დასჯილი სასულიერო პირებისგან განსხვავებით, მეუფე  სტეფანეს სრული მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოსგან. არ არის გამორიცხული, მწვავე დაპირისპირების ფონზე, საკითხის მოსაგვარებლად,  მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა სინოდის სხდომაზე შეიკრიბონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები