გართულებული ეპიდვითარება, გადატვირთული სამედიცინო სექტორი და კორონავირუსის პიკის მოლოდინი მესამედ | 23.04.2021

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, გადატვირთული სამედიცინო სექტორი და კორონავირუსის პიკის მოლოდინი უკვე მესამედ. დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები,  მსჯელობა ორშაბათს გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ რადიკალური და  კატეგორიული შეზღუდვები საჭიროება არ იქნება. სპეციალისტები მოქალაქეებს ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მოკრძალებულად ყოფნისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კოვიდსამკურნალო დაწესებულებებს ორშაბათიდან ათასი საწოლი დაემატება. რაც შეეხება ტესტირებას მინისტრის თქმით, გამოიყენება როგორც პისიარ, ასევე სწრაფი ტესტები და მათი მარაგის მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ არის.

ორშაბათს, ასევე დაგეგმილია ვაქცინაციის საბჭოს შეკრებაც, სადაც სპეციალისტები იმსჯელებენ, დაემატება თუ არა აცრის პროცესს კიდევ ჯგუფები. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს. გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინური “სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის ისევ ოთხნიშნა მაჩვენებლი დაფიქსირდა. საეჭვო სიმპტომების მქონე 28 751 ადამიანიდან დადებითი 1 271 აღმოჩნდა. COVID-19-ს კიდევ 11 პაციენტი ემსხვეპლა. დადებითობის მაჩვენებლი კი ისევ 4%-ზე მეტია. შემთხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქშია, მძიმე პაციენტი კი 600-მდეა. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ბოლო 24 საატში 1560 ადამიანი აიცრა, ხოლო ჯამში COVID-19-ს წინააღმდეგ 34 897 პირია აცრილი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები