მორიგ დაპირისპირებას ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი ისევ გალობის ფონზე ხვდება | 21.04.2021

მორიგ დაპირისპირებას ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი ისევ გალობის ფონზე ხვდება. დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც  სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მივიდა.  მას განყენებული წინამძღვარი, მრევლი და დაკეტილი კარი დახვდა.   მას შემდეგ, რაც მეუფე სტეფანე ტაძარში არ შეუშვეს, მან ეკლესიის კართან იგალობა და ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა.

სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს მიერ, აღდგომის სადღესასწაულო ლოცვის ჩატარებას ეწინაარმდეგებიან.  ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის თქმით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის ბრალდებები, რასაც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს უყენებს.

მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპარქიას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ახალი მმართველი ჰყავს, მარტვილის ეპარქიაში ვითარება დაძაბულია. პეტრე ცაავას მრევლის ნაწილი ახალ მიტროპოლიტს უნდობლობას უცხადებს.  მეუფე სტეფანე კი ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.  არ არის გამორიცხული მწვავე დაპირისპირების ფონზე, წმინდა სინოდმა საკითხზე  უახლოეს პერიოდში იმსჯელოს.