საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება | 16.04.2021

საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აცრისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან, იმუნიზაცია კი მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.  გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს. “სინოფარმს” შესაძლოა 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა. თუმცა,  სინოფარმს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ ჩინური ვაქცინის აღიარება აპრილის ბოლოს არ მოხდა, ამან ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეაფერხოს. თამარ გაბუნიას თქმით, დღევანდელი ეპიდემილოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყოს. გაბუნია ამბობს, რომ ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება. საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინის, “სინოფარმის” 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო.

“ფაიზერის” მეორე დოზისთვის კი რეგისტრაცია დღის ბოლოსთვის დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, “ფაზიერის” მერე დოზები შენახულია და პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 26 427 ადამიანია აცრილი. იმუნიზაცია  ქვეყანამ 15 მარტს “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო, ხოლო 30 მარტიდან “ფაიზერით” აცრაც გახდა შესაძლებელი. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა იაცრას.